ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალის იზოლატორში განაჩენის მოლოდინშია – ქართული სოფლიდან ოკუპანტებმა კიდევ ერთი მამაკაცი გაიტაცეს

საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპანტებმა კიდევ ერთი მამაკაცი გაიტაცეს. 55 წლის თამაზ გლურჯიძე სოფელ ბერშუეთში დაატყვევეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ახლა ის განაჩენის მოლოდინშია.

მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“მიმდინარე წლის ოქტომბერში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

იტვირთბა....