ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი – რას აცხადებს დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის გადასახადი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში არ მოიმატებს, რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მის ტარიფს კომისია დეკემბერში გადახედავს:

ნარმანიამ ამის შესახებ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მან სემეკის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

„2021 წელს ენერგეტიკის სექტორში ტარიფები არ გადახედილა, ტარიფები არ გაზრდილა. 2022 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებდა ეს ტარიფები, თუმცა, ჩვენ ე.წ. დროებითი ტარიფები კვლავ გავაგრძელეთ. როგორც მოგეხსენებათ, მომდევნო წელს ბაზრის გახსნაა დაგეგმილი, ბაზრის გახსნამდე კი დროებითი ტარიფები რაც აქამდე მოქმედებდა მომდევნო წლის გაზაფხულამდე იმოქმედებს. ამიტომაც, ამ შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში არ გველოდება ცვლილება. რაც შეეხება ბუნებრივი გზის სექტორს, ჩვენ გვქონდა დადგენილი 3-წლიანი ტარიფები, რომლის ვადა მთავრდება 2022 წლის ბოლოს, თუმცა, რაიმე სახის არსებით ზრდას ამ ეტაპისთვის არ ველოდებით, თუ ის ვალუტის კურსი შენარჩუნდება, რაც დღეს გვაქვს. ასევე, გრძელვადიანი ხელშეკრულებაა ბუნებრივი გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუ ეს მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნდება დეკემბრის თვეშიც, როდესაც ახალი პარამეტრები უნდა დავადგინოთ, ზრდა მოსალოდნელი არ იქნება“, – განაცხადა ნარმანიამ.

იტვირთბა....