მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირი მიიღებს, ეს ურკაინის სამხედრო დახმარების ახალი ტრანში იქნება:
„დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკრაინა იქნება, საიდანაც დღეს დილიდან ცუდ ამბებს ვიგებთ. დილით მძიმე თავდასხმა განხორციელდა კიევზე დრონების გამოყენებით. ჩვენ განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას და მივიღებთ ზოგიერთ ზომას. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეხება უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშს და საწვრთნელ მისიას. იმედი მაქვს, ყველა იქნება თანახმა. ომის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები გრძელდება და ეს იგრძნობა მთელ მსოფლიოში. რუსეთი სულ უფრო მეტად არის იზოლირებული, როგორც ეს დავინახეთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს. მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხითაც რუსეთი ამ ომს აგებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა ბორელმა.