საზოგადოება

ევროპული ტრადიცია: რას ჩუქნიან ვალენტინობაზე შეყვარებული წყვილები ერთმანეთს?

 

მსოფლიოს უმეტესი ნაწილი  14 თებერვალს ვალენტინობას (სიყვარულის დღეს) დიდი ზეიმით აღნიშნავს. ცნობილია, რომ  14 თებერვალი მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. მოგვიანებით ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა.

უფრო ზუსტად კი, სხვადასხვა წყაროების თანახმად,  წმინდა ვალენტინი 269 წელს რომის იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფის კლაუდიუსის მეფობის დროს მეფე მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი, ამიტომ ქორწინება აკრძალა. ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს ჩუმად აღასრულებდა, მეფისგან დამალულად. წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს), მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა, სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში, ახალგაზრდა გოგონა, ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.

დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.

მართლმადიდებელი ეკლესია 14 (27) თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. იგი მოიხსენიებს: ინტერმანის ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე ვალენტინეს (უალენტინე) 30 (12.08) ივლისი, წმიდა მოწამე ვალენტინე ხუცესს – 6 (19) ივლისი, წმიდა ვალენტინოს (ვალენტინე) – 24 (6.05) აპრილი, წმიდა ვალენტინის – 16 (29) თებერვალი და 9 (22) მარტი. მათ არ აქვთ კავშირი 14 თებერვლის ვალენტინთან. თუმცა, რადგან მსოფლიო ამ დროს  სიყვარულის დღეს აღნიშნავს, როცა შეყვარებული წყვილები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან, საქართველოშიც  წყვილების ნაწილი ვალენტინობას დიდი სიმპათიით ხვდება. რაც შეეხება საჩუქრებს, სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ამ დღეს წყვილები ერთმანეთს ყველაზე ხშირად ჩუქნიან:

ნივთები, რომელთა გაყოფაც შეიძლება –  მაგალითად, კლასიკური კულონი 2 ნახევრის ფორმით.

ყვავილები – რადგან წმინდა ვალენტინის სახელს სწორედ ყვავილები უკავშირდება.

ბარათები – ხელით დაწერილი ბარათები, რადგან ეს ასევე ვალენტინს უკავშირდება.

ტკბილეული – გულის ფორმის ან სხვა სახის ტკბილეული ამ დღეს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი რაოდენობით იყიდება.

ფუმფულა სათამაშოები- მსოფლიო მასშტაბით შეყვარებული ბიჭები გოგონებს ფუმფულა სათამაშოებს განსაკუთრებით ამ დღეს ჩუქნიან.

კოსმეტიკა და პარფიუმერია – ამ დღეს გოგონები ხშირად იღებენ ამგვარ საჩუქრებს.

რაც შეეხება ბიჭებს, ისინი ვალენტინობის დღესასწაულზე საჩუქრდებიან შემდეგი ნივთებით:

სასიყვარულო ბარათები, საათი, „ბრელოკი“, ტკბილეული, პარფიუმერია.

ეს მცირე ჩამონათვალი აბსოლუტურად არ გზღუდავთ ამ დღეს თქვენი გემოვნებისა და ინტერესების მიხედვით შეარჩიოთ საჩუქარი საყვარელი ადამიანის მიმართ, მითუმეტეს, რომ ვალენტინობაზე საჩუქრის ღირებულებაზე მეტი ყურადღება მის შინაარს ენიჭება.

 

 

 

 

 

იტვირთბა....