“გირჩის” დეპუტატის იაგო ხვიჩიას თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონი საერთოდ არ არის საჭირო, რადგან ამის პრობლემა ქვეყანაში არ დგას. მისი განმარტებით, ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობის პრობლემაა გადასაჭრელი:
“დეოლოგარქიზაციის შესახებ კანონი საერთოდ არ გვჭირდება, რადგან ამის პრობლემა ქვეყანას საერთოდ არ აქვს. საქართველოს ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა აქვს.
პრობლემა სწორად უნდა დავაიდენტიფიციროთ, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ერთპარტიულ მმართველობას ვებრძოლოთ, ოლიგარქებს არ ვებრძოლოთ. ეს კარგად გასააზრებელია. კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიმართ პირად დამოკიდებულებას გვერდით გადავდებთ და გადაწყვეტილებას ჩვენი დასავლური ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ. ბიძინა ივანიშვილი მდიდარი ადამიანია და მდიდარ ადამიანებთან პრობლემა არ მაქვს იმის გამო, რომ მდიდრები არიან. ნებისმიერ ადამიანთან პრობლემა მაქვს მაშინ, როცა მას ერთპიროვნული ძალაუფლების შესაძლებლობა აქვს და თუ ქვეყანა ისეთი იერარქიით იმართება, სადაც ერთ კაცს ყველაფრის უფლება აქვს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი კაცი მილიონერია, თუ არამილიონერი. პრობლემას ქმნის არა ის, რომ ვიღაცას აქვს ფული, არამედ ის, რომ აქვს ერთპიროვნული ძალაუფლება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა. ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.