ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სატრანსპორტო საშუალების მძღოლებისთვის ჯარიმები იზრდება – პარლამენტის ახალი გადაწყვეტილება

სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის ზოგიერთი ჯარიმა ორმაგდება, ზოგსაც გაათმაგებული რაოდენობით გადაიხდიან – აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტმა პირველივე მოსმენაზე 81 ხმით დაუჭირა მხარი.

ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად 300 ლარით ჯარიმას ითვალისწინებს.

ცვლილებები ეხება ხმაურის რეგულირების საკითხსაც – ერთი მხრივ, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ხმაურის დასაშვები დონე. მეორე მხრივ კი, ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის ქულებს 10 ქულა დააკლდება.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, იკრძალება ე.წ. “დრიფტიც”. ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და 30 ქულის დაკლებას. თუ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმის ოდენობა იქნება 500 ლარი.

კანონპროექტი დამუქებული მინების და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებასაც შეეხება. კერძოდ, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით 50-ის ნაცვლად, ხოლო ციმციმა სიგნალების გამოყენება დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა.

იტვირთბა....