ახალი ამბები

მედიასაშუალებები და პოლიტიკური ჯგუფები ჩემს დაბულინგებას განაგრძობენ – ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი

ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ყოფილი დირექტორი შორენა ქონიაძე მომხდართან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს.

ქონიაძის განცხადებით, მოსწავლეთა კოლექტივში ურთიერთმიმღებლობის გაღვივების გამო, შიდა სასკოლო ინტერიერის ესთეტიკური გაფორმებით, სასკოლო რესურსის გამოყენების პროგრამით ისარგებლა, რომლის ერთი-ერთი კომპონენტი იყო ფოიეში, კედელზე საქართველოს დროშის ირგვლივ მსოფლიო ქვეყნების დროშების მინიატურული მაკეტებით სტენდის მოწყობა.

ასევე ყოფილი დირექტორი აღნიშნავს, რომ  კომპანია „თეოპრომოუშენმა“ დროშების სტენდი დაამონტაჟა 14 სექტემბრის საღამოს, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ფორსმაჟორულ ვითარებაში, რის გამოც ვერ მოხერხდა დროშების სათითაოდ გადამოწმება.

“მე-7 საჯარო სკოლაში 1550 მოსწავლიდან 852 მოსწავლე არის რუსულენოვანი. აქ ქართველებთან ერთად სწავლობენ რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ყაზახები… საქართველოს მოქალაქეები და უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების შვილები. საქმეში ჩახედულთათვის გასაგებია, რომ ჩვენ პოლიტიკურად ანგაჟირებულ გარემოში ასეთ მრავალეროვნულ სკოლაში უსაფრთხო გარემოს, ურთიერთმიმღებლობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნა აუცილებელი წინაპირობაა ნორმალური სასწავლო პროცესის წარმართვისათვის. სკოლის დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის ძალისხმევა მობილიზებული იყო იმისათვის, რომ სკოლის მრავალეროვნულობის ნიადაგზე მოსალოდნელი ყველა პრობლემა შესაძლებლობად გარდაგვესახა.” – წერს ქონიაძე

მისი თქმით, მედიასაშუალებები და პოლიტიკური ჯგუფები აბულინგებენ და ამ ღირსების შემლახავ კამპანიაში უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას მის წინააღმდეგ.

“სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა ცილისმწამებლურ, ადამიანის ღირსების შემლახავ, დამამცირებელ კამპანიაში ასეულობით ადამიანი აიყოლიეს და სოციალურ ქსელში დღემდე განაგრძობენ ჩემს დაბულინგებას. წინასწარი განზრხვით დეზინფორმაციის ტირაჟირებით, პირადი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ფაქტების დამახინჯებულად წარმოდგენით ამ მედიასაშუალებებმა და ჯგუფებმა ხელყვეს ჩემი საქმიანი და პირადი რეპუტაცია, რის შექმნასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება შევალიე. ამიტომ, ვაპირებ, გამოვიყენო კანონით გათვალისწინებული ყველა გზა და შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ჩემ საქმიანობასთან და პიროვნულ ღირსებასთან დაკავშირებით ერთი კითხვის ნიშანიც კი არ დარჩეს, რაც პრევენციულად დააზღვევს სხვა შესაძლო მსხვერპლებსაც, ვის წინააღმდეგაც, ასეთ სრულიად უკონტროლო ვითარებაში, ასევე თავისუფლად არის შესაძლებელი საქმიანი რეპუტაციის და ღირსების შემლახავი დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება“, – აღნიშნულია ღია წერილში.

იტვირთბა....