ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ღარიბაშვილი შეჭამეს ეროვნული პოზიციის გამო და გადადგა“

„მე მომივიდა  ასეთი ინფორმაცია, რომ „რესპუბლიკელები“ ჭოჭმანობენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათ ისიც უთქვამთ, რომ ოღონდ ბრეგაძის ინიციატივა არ იყოს და ვისიც გინდა იმისი იყოსო“ – ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების“ დამაარსებელმა და საკონსტიტუციო შესწორების პროექტის ინიციატორმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის ინიციატივით წამოწყებული საკუნსტიტუციო შესწორების პროექტის არსი ისაა, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. რეგისტრაციას 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება, რათა შემდგომში,  ხმათა ორი მესამედით, პარლამენტმა მიიღოს.

თავიდან ბრეგაძე იმედოვნებდა, რომ შესწორების პროექტს ხელს 76 დეპუტატი მოაწერდა,  მაგრამ მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი მხრიდან აქტიურობა არ შეინიშნებოდა, რის შემდეგაც მან რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით ცესკოს მიმართა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ დეპუტატები ადრე თავს იკავებდნენ, თუმცა ახლა ხელის მოწერაზე ერთმანეთს ასწრებენ.

როგორც მან  „მეტრონომს“ განუცხადა, ფაქტი, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური შესწორების პროექტის ინიციატორზე  პრობლემა აქვთ, მათი მხრიდან მეტად უცნაურია.

„რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვისაც მეტად უცნაურია ეს ფაქტი, რადგანაც მე საქართველოს მთავრობის წევრი ვარ. ორგანიზაცია „ეროვნულები“ გახლავთ 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ პარტნიორი ორგანიზაცია და იმავე წელს ოფიციალური ალიანსიც აქვს გაფორმებული მასთან. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს ეს პოლიტიკური კულუარული მაიმუნობები. ჩემთვის მთავარი არის ის მორალურ-ზნეობრივი პრინციპები, რომლითაც თითოეულმა ადამიანმა უნდა იხელმძღვანელოს“ – აღნიშნა ბრეგაძემ.

მან მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს წერილი მისწერა, რომ თუ სურვილი ექნება, გახდეს ამ საკონსტიტუციო შესწორების ინიციატორი. წერილში ბრეგაძე ამბობს, რომ ჟურნალისტების გარკვეულ ნაწილს გარკვეული ოდენობის თანხა გადაუხადეს, რათა  რეფერენდუმზე ამ საკითხის დამსმელი ადამიანების კომპრომეტაციის კამპანია დაიწყონ, რათა  ამ საკითხის დისკრედიტაცია მოხდეს.

„ამ ადამიანებს არ ვურჩევ ასეთი ბინძური ხერხებით ბრძოლას, რადგან ეს ქმედება თავიდანვე განწირულია. ახლა, უნდა დაიწყოს კამპანია, თითქოს ეს რუსეთის გეგმაა და ისინი საპატრიარქოს მეშვეობით ცდილობენ, რუსეთში დაგვაბრუნონ და ევროპას დაგვაცილონ. ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოა“ – წერია წერილში.

როგორც „მეტრონომს“ ბრეგაძემ განუცხადა, მას ინფორმაცია იმის შესახებ მიუვიდა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ხელის მოწერაზე ჭოჭმანობენ.

„დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათ ისიც უთქვამთ, რომ ოღონდ ბრეგაძის ინიციატივა არ იყოს და ვისიც გინდა იყოსო. კი ბატონო, ამას ჩემთვის არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუ უნდათ, ამას თამარ კორძაიას ინიციატივა დაარქვან“ – აღნიშნა ბრეგაძემ.

საკონსტიტუციო შესწორების პროექტის ავტორმა ზურაბ ტომარაძემ ადრე განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ეს ინიციატივა. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ამის რეალიზება ვერ მოხდა. ის ეჭვობდა, რომ ამის მიზეზი რესპუბლიკური პარტია იყო, რადგან კოალიციაში ეს საკითხი თუ დადგებოდა, შესაძლოა დაშლილიყო.

„თქვენ გგონიათ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემზე მეტად უყვარდათ? მათ ღარიბაშვილი შეჭამეს იმ ეროვნული პოზიციის გამო, რომელიც მას ეკავა. პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მიმართული შავი პიარი თავიდან ბოლომდე იყო მისი ეროვნული, მორალური და რელიგიური პოზიციების გამო და სხვა არაფერი არ იდგა ამის უკან. სწორედ ეგ გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამ ადამიანს, ჯერ შავი პიარი აუგორეს, გამოუგონეს. ის ფაქტობრივად ბოლოს, იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ გადადგა“ – აღნიშნა ბრეგაძემ.

ამ საკითხზე „მეტრონომი“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ზურაბიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათთვის არანაირი  მნიშვნელობა არ აქვს თუ ვისი ინიციატივაა აღნიშნული საკონსტიტუციო შესწორების პროექტი.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ის ჩანაწერი, რომელიც ოჯახის თაობაზე სამოქალაქო კოდექსშია, საკმარისია  და აქ არანაირი ცვლილება საჭირო არ არის.

„ის ჩანაწერი, რაც არის სამოქალაქო კოდექსში საკმარისია ოჯახის თაობაზე და არანაირი ცვლილება საჭირო არ არის. რეალურად ეს საკითხი არც დგას, თუ დეპუტატებში და უმრავლესობაში ეს საკითხი დატრიალდება, მაშინ ბუნებრივია, პოლიტსაბჭოზე ამაზე საუბარი უნდა იყოს“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მიუხედავად დეპუტატების ყოყმანისა, სანდრო ბრეგაძე ფიქრობს, რომ არჩევნები კართან ახლოსაა და პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ შესწორებას ის დეპუტატებიც მოაწერენ ხელს, რომელთაც ხელის მოწერა არ უნდათ. ხელმომწერთა რიგებში პირველი ომარ ნიშნიანიძეა.

 

ნინო ცხადაია

იტვირთბა....