ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოჭრა“

საგაზეთო ინტერვიუში მრეწველების ლიდერი გოგი თოფაძე, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს. თავად თოფაძე აცხადებს, რომ მისი სიტყვების სხვაგვარი ინტერპრეტირება ჟურნალისტებმა მოახდინეს.

„წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა“.-აცხადებს პარლემნტის წევრი გოგი თოფაძე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში

ხიდაშელის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებებისგან თავს იკავებს გოგი თოფაძე, თუმცა “მრეწველების” ლიდერი მისი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაზე მიანიშნებს და ხელს გაზეთის ჟურნალისტისკენ იშვერს.

„მაგას ჩანაწერი აქვს ჩემი საუბრის და შეგიძლიათ კარგად ნახოთ. იმ სტატიაში ნახეთ ყველაფერი, ჩანაწერი არსებობს,“ – აცხადებს გოგი თოფაძე.

„მეტრონომი“ იმ ჟურნალისტს დაუკავშირდა, რომელმა თოფაძესთან აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი კორძაძე არასწორ ინტერპრეტაციას უარყოფს და მზად არის ჩანაწერი თოფაძეს მოასმენინოს.

„ჯერჯერობით ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ბატონ გოგის უნდა შევხვდე ჯერ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ და მას უნდა მოვასმენინო ეს ჩანაწერი. შეიძლება რაღაც დაავიწყდა“. – აცხადებს კორძაძე.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ ლევან ბერძენიშვლის. მან არ ისურვა თოფაძის განცხადების კომენტირება, თუმცა გვითხრა, რომ უმჯობესია თოფაძეს ვკითხოთ აღნიშნულ ბრალდებებზე.

„მის განცხადებაზე ვერაფერს გეტყვით, თვითონ თოფაძეს კითხეთ“. – განაცხადა ბერძენიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“კიდევ ერთი წევრი დავით ზურაბიშვილი მას შემდეგ გააკეთებს თოფაძის განცხადებაზე კომენტარს, რაც დადასტურდება, რომ დეპუტატმა მართლაც დაადანაშაულა თავდაცვის მინისტრი.

„თოფაძემ თქვა, რომ მას არ უთქვამს. გაირკვევა ეს ამბავი მართლა თქვა თუ არა და მერე უფრო მკაფიო განცხადებებს გავაკეთებთ. ბუნებრივია, მარტო თოფაძის განცხადებით ვერ დავკმაყოფილდებით, გაირკვევა მართლა ჟურნალისტმა დაამახინჯა თუ არა და მერე ვიტყვით“. – განუცხადა ზურაბიშვილმა „მეტრონომს“.

იტვირთბა....