“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და პერსონალის ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ცნობით, დე ფაქტო “კაგებე” ადგილზე ნაღმს ეძებს, რომლის სავარაუდო არსებობის შესახებაც ანონიმური წყაროსგან შეიტყვეს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.
„ხუთშაბათს 10.41 საათზე (მოსკოვის დრო) მივიღეთ შეტყობინება, რომ შესაძლოა, დანაღმული იყოს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა – ზარი კაგებეში-ში შევიდა ანონიმური წყაროსგან. სამინისტროს თანამშრომლები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით და შესაბამისი აღჭურვილობით სასწრაფოდ გაემგზავრნენ ადგილზე. ადგილზეა საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე აცამაზ ბესთაუთიც“, – განუცხადეს ცხინვალელ ჟურნალისტებს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროში.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამართალდამცავებმა დაიწყეს ასევე ცხინვალის მე-3 სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია. სკოლა მდებარეობს უნივერსიტეტის შენობის სიახლოვეს. სამართალდამცავებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ მოხდეს ცხინვალის ყველა სკოლის ევაკუაცია და შენობები ასაფეთქებელ ნივთიერებებზე შემოწმდეს.