ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოსკოვში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ რუსეთში, ხოლო მათ, ვინც უკვე იქ იმყოფენა, ქვეყნის ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ოფიციალურმა მოსკოვმა, შესაძლოა, მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში სხელი შეუშალოს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს სამხედრო სამსახურში წასვლისკენ მოუწოდოს.
“აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ რუსეთში, ხოლო ისინი, ვინც ამჟამად რუსეთში იმყოფებიან, ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ. რუსეთმა შესაძლოა, აშშ-ის მოქალაქეების ორმაგი მოქალაქეობა არ სცნოს, მათ აშშ-ს საკონსულოზე წვდომა შეუზღუდოს, ხელი შეუშალოს რუსეთიდან მათ გამგზავრებას და ორმაგი მოქალაქეობის მოქნე პირები სამხედრო სამსახურში გაიწვიოს”, – წერია საელჩოს განცხადებაში.
რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს პოლონეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები. როგორც პოლონეთის დიპლომატიური დეპარტამენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, ეს იმით არის განპირობებული, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს ვარშავა არამეგობრულ სახელმწიფოდ აღიარებს.
“რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო პერსონალის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების გამო, პოლონეთის მოქალაქეებისთვის პირდაპირი დახმარების გაწევის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრი გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, პოლონეთის დიპლომატიური სამსახური მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს”, – წერია განცხადებაში.
მსგავს გაფრთხილებას ავრცელებს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
“რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ ბულგარეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, სათანადო ყურადღება მიაქციონ პირობებს და სიტუაციის განვითარებას”, – წერია მოქალაქეებისადმი მიმართვაში.
წყარო: ტაბულა