კუნძულ ბიორნჰოლმთან ახლოს, შვედეთისა და დანიის მახლობლად, ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, მომხდარის მიზეზი შესაძლოა დივერსია იყოს.
შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციამ გამოსცა გაფრთხილება Nord Stream 1 მილსადენში ორი გაჟონვის შესახებ, მალევე მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა გაჟონვა ახლომდებარე Nord Stream 2 მილსადენზე, რამაც აიძულა დანია შეეზღუდა საზღვაო გადაზიდვები ხუთი მილის რადიუსში.
ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ორივე მილსადენი ევროპის დედაქალაქებსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკული ომის ესკალაციის წერტილად იქცა.
„ორი გაჟონვაა – ერთი შვედეთის ეკონომიკურ ზონაში და ერთი დანიის ეკონომიკურ ზონაში. ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვაკვირდებით, რომ არც ერთი გემი არ მიუახლოვდეს ამ ადგილს“, – განაცხადა შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა.