საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსული ჯავშანმანქანების გამოჩენის შემდეგ სამხედრო აგრესიის საფრთხეებს ვერ ხედავს.
მისივე თქმით, რისკები ყოველთვის არსებობდა და დღეს კონტროლი კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებულია.
“ჩვენ აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურად მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი. თეორიული რისკი ყოველთვის იყო. თუ რისკის ეჭვები ჩნდება, რა თქმა უნდა, კონტროლდება. ამ მობილიზაციის გამო სამხედრო აგრესიის საფრთხეებს ვერ ვხედავთ”, – აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი საზღვრების ჩაკეტვას 28 სექტემბერს გეგმავს, მას შემდეგ რაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები დასრულდება.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე: