ახალი ამბები მთავარი სამართალი

„სამი მოწმე არის ნაცემი“: დიდ დიღომში 26 წლის მამაკაცი მოკლეს

დიდ დიღომში, 26 წლის მამაკაცი მოკლეს. მკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გიორგი ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1986 წელს დაბადებული ჯამბულატ დ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, გიორგი ქ-მ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, გამთენიისას, თბილისში, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა 1987 წელს დაბადებული მინდია ბ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ბრალდებული და ჯამბულატ დ., რომელიც გარდაცვლილს თან ახლდა და დანაშაულს შეესწრო, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჯამბულატ დ-მ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და ქვეყნის დატოვებას შეეცადა.

სამართალდამცველებმა ჯამბულატ დ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, ხოლო გიორგი ქ. მეორე დღეს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით)”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უფლებადამცველი გიორგი გაბედავა, რომელიც გარდაცვლილის მეგობარი იყო, აცხადებს, რომ მოწმეებზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.

„სამივე არის ნაცემი. ჩვენი ვარაუდით, პოლიცია მათგან ითხოვდა მკვლელის ვინაობის გამხელას, როცა ჩვენ თვითონ, მეგობრები ვიბრძვით იმისთვის, რომ გავიგოთ ვინ არის მკვლელი და ის კანონის ფარგლებში დაისაჯოს“, – წერს გაბედავა სოციალურ ქსელში.

“მეტრონომთან” საუბარში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ნინო ცხადაძემ უარყო პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტი.

იტვირთბა....