ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ სამხედრო წესებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, სომხეთს 150 ჯარისკაცი ყავს დაჭრილი. ბატიაშვილის თქმით, აზერბაიჯანის მხარე სომხური მხარის დანაკარგებს 150-200 კაცის ფარგლებში ვარაუდობს.
“მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა სამხედრო მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ძირითადად არტილერიის გამოყენებით, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, არის მსხვერპლი. მსხვერპლი ორივე მხრიდანაა. სომხურმა მხარემ, ფაშინიანმა ოფიციალურად გამოაცხადა 49 სამხედრო მოსამსახურე, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ეს ციფრი, სავარაუდოდ, გაიზრდება. იქ, სადაც 49 არის გარდაცვლილი, სამხედრო წესებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამჯერ მეტი დაჭრილი იქნება. აზერბაიჯანული მხარე სომხური მხარის დანაკარგებს 150-200 კაცის ფარგლებში ვარაუდობს, ხოლო თავად აზერბაიჯანულ მხარეს მსხვერპლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ეს არის ამ მომენტისთვის რაც ვიცი”, – ამბობს ბატიაშვილი.
მისი თქმით, სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, მაგრამ უკრაინის ომში ჩაფლულ რუსეთს სხვისთვის არ სცალია.
“მერე იყო ფაშინიანის საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, უსაფრთხოების საბჭო მოიწვიეს და რუსეთს მიმართეს დახმარებისთვის, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაა, რომ მხარეებმა კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით უნდა შეძლონ. რა თქმა უნდა, რუსეთს, რომელიც ახლა უკრაინის ომის ჭაობშია ჩაფლული, ნაკლებად სცალია სომხეთისთვის”, – განაცხადა ბატიაშვილმა.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს გვიან ღამით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები დაიწყო.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
აზერბაიჯანის გამცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით დაიწყეს, რასაც საპასუხო მოქმედებები მოჰყვა.
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიაზე 4 მიმართულებით შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, მოგვიანებით კიდევ 2-3 მიმართულება დაემატა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა. მისივე თქმით, დადასტურებულად გარდაცვლილია 49 სომეხი სამხედრო მოსამსახურე.