ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თურმე წესებს ვარღვევ – ბევრ კითხვას ვსვამ – ჟურნალისტი მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს

BMG-ის ჟურნალისტი თელარა გელანტია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ მთავრობის სხდომაზე იმ მიზეზით არ შეუშვეს, რომ ბევრი კითხვის დასმით, წესებს არღვევს. როგორც ჟურნალისტი წერს, უჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა მისმა ერთ-ერთმა სიუჟეტმა გააღიზიანა.

“არ ვიცი, რა ვთქვა – საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს.
მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა – სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა ნინო ცხადაძემ მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ – ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია – უთხრეს და მითხრა)(BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს – სხვაზე არ აქვთ პრობლემა)…
გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმაც (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ”, – წერს ჟურნალისტი და პრერმიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს – “მარტო მტერი გყავთ ირგვლივ – ყველა, მგონი, მხოლოდ იმას ცდილობს, რომ მაქსიმალურად ნეგატიური როლი გქონდეთ”.

მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტის არშეშვების ფაქტზე განცხადება გააკეთა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობის სხდომის გასაშუქებლად ადმინისტრაციაში BMG-ის მთავარი რედაქტორის არშეშვება დაუშვებელი და დისკრიმინაციულია.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს”, – წერია ქარტიის განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....