ბრიუსელში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.
„განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი. ვილაპარაკეთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. ვთანხმდებით, რომ თავისუფალი და პლურალისტური მედია, ასევე ცოცხალი პოლიტიკური გარემო, მნიშვნელოვანია წარმატებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია სასამართლოს სისტემის რეფორმა, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება და სამართლებრივი დევნა, მტკიცებულებების არსებობაზე იყოს დაფუძნებული,“ – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია გარანტირებული იყოს მედიის თავისუფლება, პლურალიზმი და კანონის უზენაესობა.