ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

რატომ არის კმაყოფილი ნონა გაფრინდაშვილი Netflix-თან მიღწეული შეთანხმებით

ქართველ ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილსა და Netflix-ს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა, რომლის პირობებიც არ გასაჯაროებულა.

ქართველმა მოჭადრაკემ  Netflix-ის წინააღმდეგ დავა 2021 წელს წამოიწყო.

გაფრინდაშვილი აღნიშნავდა, რომ “ლაზიერის გამბიტში” მისი მიღწევების გაუფერულებამ უდიდესი ტკივილი მიაყენა.

ის Netflix-სგან შეცდომის გასწორებას და კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს ითხოვდა.

იურიდიული ფირმის “ბიზნესის იურიდიული ბიურო (BLB)” მმართველი პარტნიორი და ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი, კახა შარაბიძე ამბობს, რომ ქართველმა ლეგენდამ ლეგენდარული პარტია კიდევ ერთხელ მოიგო და ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

“მინდა მივულოცო ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, მის გულშემატკივარს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეს შედეგი. დავა დასრულდა საკმაოდ ეფექტურად და ძალიან მოკლე პერიოდში. სასამართლომ შემოგვთავაზა ავტორიტეტული მედიატორი და მედიაციის პროცესი სწორედ მისი მეშვეობით განხორციელდა, რაც დასრულდა შეთანხმების მიღწევით და გაფორმებით “ნეტფლიქსთან“. ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – განაცხადა შარაბიძემ.

ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, მედიაციის ყველა დეტალი მკაცრად კონფიდენციალურია.

“მედიაცია რაც დაიწყო და დამთავრდა, არაერთი თვე მიმდინარეობდა, ვინ რა თქვა, რომელმა მხარემ, ემოცია როგორ გამოხატა, რა პრეტენზია ჰქონდა, რა მოთხოვნა, რა მოეწონა, რა არ მოეწონა, – ეს ყველაფერი არის მკაცრად კონფიდენციალური. ჩვენ შედეგით კმაყოფილი ვართ, ყველა თვალსაზრისით, სწრაფი და ეფექტური შედეგი მივიღეთ, შედეგით ჩვენი კლიენტი კმაყოფილია”, – თქვა მწარიაშვილმა.

იტვირთბა....