უკრაინის რადას დეპუტატი და ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სანქციებზე საუბრობს.
არახამია ვიდეოში ქართველებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება.
“ამ ვიდეოს ჩაწერა რამდენიმე დღით გადავიფიქრე, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ ისტერიულ რეაქციას ველოდებოდი, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთან დაკავშირებულ ჩემს მიერ ადრე დაანონსებულ მოვლენებს ეხებოდა. ეს სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.
ეს სააგენტო სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის. ჩემს საიტზე „war in Ukraine” ბიძინა ივანიშვილზე და მის უახლოეს გარემოცვაზე, კონკრეტულად კი იმ ბიზნესმენებზე რომლებიც მის რეჟიმს აფინანსებენ, სანქციების დაწესების რეკომენდაცია განვათავსე. ამ პაკეტში ჯერჯერობით მისი პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან. ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობთ რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რაზეც ევროკომისიამაც რეკომენდაციის სახით უკვე ისაუბრა.
ამ ადამიანებს საქართველოში ყველა იცნობს. შეუძლიათ ინტერნეტში ამ ადამიანების სია ნახონ. ქართულმა მედიამ ეს სია უკვე გაავრცელა. ეს პირველი ეტაპია, რომელიც ვერიფიკაციის შემდეგაც ეს დოკუმენტები სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გადაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტებს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ.
როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით”, – აცხადებს “მთავარი არხის” ცნობით არახამია.