ახალი ამბები მედია მთავარი

“არ ვაპირებ, ვინმეს დავუთმო სახელწოდება მაესტრო”

 

„მე არ ვაპირებ, ვინმეს დავუთმო სახელწოდება „მაესტრო“, – ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე კომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მისი თქმით, „მაესტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებში ის არ წარმოადგენს არცერთ დაპირისპირებულ მხარეს.

„არ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა რომ მე გავყიდო ჩემს მფლობელობაში არსებული 6.25 % წილი.

„მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობა რომლითაც ასე ამაყობენ “მაესტროს“ ახალი თუ ძველი ჟურნალისტები, რომლითაც სამართლიანად სარგებლობს მაყურებელი, მოპოვებული და დამკვიდრებულია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პრინციპული ბრძოლისა და თავდადების შედეგად.

მე არ ვაპირებ მატერიალურ ღირებულებად ვაქციო ის, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. და თუ სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფი რომელთაც ჩემზე მეტი მატერიალური ან რამე სხვა საშუალები აქვთ იძალადებს ჩემზე და უსამართლოდ წამართმევს ამას ყველაფერს, ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლაში, ომს ვერასდროს მოიგებს მოძალადე.

„მაესტრო“, ან თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება ან არ იქნება საერთოდ“. – წერს მამუკა ღლონტი.

სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გიორგი გაჩეჩილაძეს გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მაესტროს” წილების გამო ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გია გაჩეჩილაძემ შეიძინა 30% და “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

„მაესტროს” წილები რეესტრის დღევანდელი მონაცემებით ასე ნაწილდება: გია გაჩეჩილაძე – 55%, მამუკა ღლონტი -15%, ეკატერინე აკობია – 5 %, და მაკა ასათიანი – 25%.

იტვირთბა....