“ომის დანაშაული“ – ასე ჰქვია რუსი მხატვრის, ალისა იოფფეს გამოფენას, რომელიც 6 სექტემბერს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე “ბაია გალერეაში“ გაიხსნა და მნახველებს 12 სექტემბრამდე უმასპინძლებს. გამოფენა რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციას – როგორც უკრაინის ომის ანალოგიურ და წინამორბედ მოვლენას ეძღვნება.
ალისა იოფფე, რომელმაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა, “მეტრონომთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ნამუშევრების შექმნა იმ ისტორიებმა შთააგონა, რომლებსაც რუსი ჯარისკაცების მიერ აფხაზეთში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ ქართველებისგან ისმენდა. დღეს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის მისწრაფებები კიდევ ერთხელ ცხადად დაანახა მსოფლიოს, ეს ნამუშევრები თითქოს პორტალია დროში, რომელიც 30 წლის წინანდელ მოვლენებში გვაბრუნებს.
“რუსეთის ჯარი ჯერ კიდევ იმყოფება აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე. დაძაბულობა, რომელსაც იქ რუსების ყოფნა იწვევს, ისევ არსებობს. მე ძალიან ხშირად მიყვებოდნენ ამბავს იმის შესახებ, რომ 1992-93 წლებში, აფხაზეთის ომის დროს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, სწორედ მაშინ დაიწყო ყველაზე საშინელი ომის დანაშაულები. არსებობს ისტორია, რომელიც ბევრი ადამიანის მონაყოლით დასტურდება, იმის შესახებ, თუ როგორ თამაშობდნენ სტადიონზე ფეხბურთს ქართველების თავებით. ამიტომ ჩავთვალე მნიშვნელოვნად, გამეკეთებინა ის, რაც ჩემს მეხსიერებაში ჩაიბეჭდა“, – ამბობს ხელოვანი.
“ომის დანაშაული“ ალისა იოფფეს ჩვეული ხელწერით არის შესრულებული, რომელსაც ის ბოლო წლებია, აქტიურად იყენებს. ნამუშევრები ფრაგმენტულია, თუმცა, კონტექსტის გაგების შემდეგ საერთო სურათი მით უფრო ნათელი ხდება, რაც უფრო დიდხანს აკვირდები თითოეულ ნამუშევარს.
“აქ დახატულია ადამიანთა სხეულები – თავი, ფეხები. ფეხებით დადიხარ, თავი კი ფიქრობს, საით წახვიდე. ადამიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობას მაშინ იღებს, როდესაც სძინავს, ისვენებს, ან მაშინ, როდესაც მკვდარია. ამიტომ, აქ დახატულია ხაზები, რომლებიც გვაგონებს ფეხებს – სადაც ერთი ადამიანი დგას, მეორე კი წევს და ასევე თავები, უფრო ზუსტად, თავის ქალები. ეს ნახატები შესრულებულია “აიფონში“, თითებით, რადგან უკვე რამდენიმე წელია, ძირითადად “აიფონში” ვხატავ. ის ჩემთვის უბის წიგნაკივითაა. იმ პროგრამაში, რომელშიც ვმუშაობ, შემიძლია რაღაც ნაწილი წავშალო, რაღაც ნაწილი კი დავტოვო და ბოლომდე მივიყვანო ნახატი. წაშლილი ელემენტების ფრაგმენტებსაც ვინარჩუნებს. ეს ისეთი სერიაა, რომელიც რაღაც მხრივ ანიმაციური ეფექტით გადმოგვცემს ისტორიას, რომელიც ჩვენთვის ახლოა“, – ამბობს მხატვარი.
მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ნამუშევრების ვერტიკალურ ფორმატსაც:
“ვერტიკალური ფორმატი ტელეფონის ეკრანს გამოხატავს, რადგან რაღაც მხრივ, ჩვენ სწორედ ამ ფორმატში ვხედავთ სამყაროს – ძირითად სიახლეებს ჩვენი მეგობრებისგან, იმას, თუ რა ხდება გარშემო, სწორედ ასე ვიგებთ“, – ამბობს ხელოვანი.
ალისა იოფფე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დედასთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. მისი თქმით, ქართველების სულისკვეთებამ და თავისუფლებისკენ სწრაფვამ ჯერ კიდევ 2018 წელს მოხიბლა, როდესაც ქვეყანას პირველად სტუმრობდა.
“პარლამენტის წინ პროტესტი იყო და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გაოგნებული დამტოვა იმან, თუ როგორ გამოხატავენ ახალგზდები საკუთარ აზრს. საქართველოში მხოლოდ პოზიტიურ დამოკიდებულებას ვგრძნობ. ამ მხრივ, მეჩვენება, რომ სამოთხეში მოვხვდი და არც კი ვიცი, რით დავიმსახურე ეს. მინახავს, როგორ მიდის ხალხი ბავშვებით, საზეიმოდ მიტინგზე, რაც რუსეთში წარმოუდგენელია. იქ, ადამიანი უბრალოდ არ გახარჯავს საკუთარ დასვენების დღეს იმაში, რომ გამოვიდეს და დაელაპარაკოს სხვა მის მსგავს ადამიანს. აქ ხალხი საუბრობს, განიხილავს პრობლემებს“, – აღნიშნავს ალისა.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაიაზრა, რომ რუსეთი აქაც ისევე იქცეოდა, როგორც დღეს უკრაინაში.
“საქართველოში მიმდინარე წლის მარტში ჩამოვედი. წამოვედი იმ აგრესორი ქვეყნიდან, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანა ჯარები. მაშინ, ჩემი შემოქმედება ამ სიტუაციას ეძღვნებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ნახევარი წელი გავატარე საქართველოში, იმ ფონზე, რომ ომი არ მთავრდება, ვეცნობი იმ კონტექსტს, რომელშიც ვცხოვრობ და ვიაზრებ, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა და რუსეთი, საქართველოსთან მიმართებაში ისევე იქცევა, როგორც სხვა ახლო მეზობლებთან“, – ამბობს ალისა.
ალისა იოფფე იმაზეც საუბრობს, თუ რამდენად გაუსაძლისია რუსეთში ცხოვრება ხელოვანისთვის, რომელსაც შემოქმედებაში ყველაზე მეტად სწორედ თავისუფლება სჭირდება.
“მე უზბეკეთში დავიბადე, 2000-იან წლების დასაწყისიდან რუსეთში ვცხოვრობდი და რა თქმა უნდა, იქ დაბრუნებას არ ვაპირებ. იქ გრძნობ, რომ თავისუფალი არ ხარ. რა თქმა უნდა, ამ შეგრძნების ფორმირებას ახდენს ქუჩებში პოლიციის დიდი რაოდენობა და საკუთარი მოქალაქეების მიმართა დამოკიდებულება – მათ ყველაფრის უფლება აქვთ. სახელმწიფო დიდ ფულს დებს იმაში, რომ თავი დაიცვას საკუთარი მოსახლეობისგან. ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება შეუძლებელია”, – ამბობს ხელოვანი.

“ალისა იოფფე 2015 წელს გავლენიანმა ჟურნალმა Forbes ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგზარდა რუს მხატვართა შორის დაასახელა. ხელოვანი თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Maison Margiela, Cartier, Comme Des Garçons და სხვები.







