ახალი ამბები მედია მთავარი

“ბაია გადაბაძე იტყუება”

“მაესტროს” ყოფილი მეწილე გიორგი ებრალიძე გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის ბრალდებებს  პასუხობს. როგორც ებრალიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა,  ბაია გადაბაძე  ცრუობს, რადგან წილების გაყიდვის შეთავაზების შემდეგ, მან და ლევან ჩიკვაიძემ პარტნიორებს სამი დღე მოსაფიქრებლად მისცეს და არა შესასყიდად.

„ახლა მე შემიძლია თქვენზე ვთქვა, რომ თქვენ მე იმიტომ მირეკავთ, რომ თქვენ ირაკლი რუხაძემ დაგირეკათ ლონდონიდან და გიბრძანათ, რომ ჩემთვის დაგერეკათ – ასეთ რაღაცებს, სისულელეებს ვიტყვი. მე არაფერი არ მაკავშირებს იმ ადამიანთან. მე მქონდა ურთიერთობა გია გაჩეჩილაძესთან და ლევან გაჩეჩილაძესთან. ცრუობს ქალბატონი ბაია. ალბათ, კარგი იქნება, თუ ჟურნალისტები კარგად ჩაიხედავთ მასში, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი გარკვევით წერია. წერია ის, რომ ჩვენ სამი დღის ვადას კი არ ვაძლევთ შესყიდვაზე, ჩვენ ვაძლევთ სამი დღის ვადას მოფიქრებაზე. ანუ, სამი დღის ვადაში მათ უნდა ეთქვათ, აპირებენ თუ არა ამ წილის შესყიდვას. იმის შემდეგ, ჩვენ კიდევ ველოდებოდით ხუთ დღეს. მერე კიდევ დავუმატეთ დღეები, მე მგონი, სადღაც რვა დღე გამოვიდა. ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ წინადადებაც არ მიგვიღია მათგან შესყიდვის შესახებ. სურვილიც არ გამოუთქვამთ“, – განაცხადა ებრალიძემ “იმედთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბაია გადაბაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „მაესტროს“ მეწილეებმა, გიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ სამი დღის ვადაში მოითხოვეს წილის გაყიდვა, ან არადა სხვა პირს მიყიდიდნენ, როცა ეს კანონით მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მესამე პირი უკვე თანახმაა იყიდოს. ბაია გადაბაძის განცხადებით, ამ დოკუმენტის მიხედვით, მესამე პირი, ანუ ირაკლი რუხაძე უკვე აპირებდა „მაესტროს“ ყიდვას, თუმცა შემდეგ, მის ნაცვლად, გია გაჩეჩილაძე გამოჩნდა, რადგან „იმედის“ წარმომადგენლის, რუხაძის პირდაპირ გამოჩენა ეჭვებს გამოიწვდა. -აცხადებს ბაია გადაბაძე.

 

 

იტვირთბა....