ახალი ამბები მედია მთავარი

ბაია გადაბაძემ სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა

 

“დოკუმენტაცია რომელსაც წარმოგიდგენთ, არის მტკიცებულება, რომ ორგანიზებულად მიმდინარეობდა „მაესტროს“ ხელში ჩაგდების მცდელობა. წარმოგიდგენთ 2015 წლის 29 მაისს მოწერილ დოკუმენტს, რომელიც ირაკლი რუხაძემ მიწერა კოტე გოგელიას და მაკა ასათიანს. ამის გასაჯაროებით ძალიან ბევრ ადამიანს ვაგდებ უხერხულ მდგომარეობაში, მათ შორის მაკასა და კოტეს, მაგრამ სხვანაირად წარმოუდგენელია.

ირაკლი რუხაძე მაკა ასათიანს სთავაზობას გარიგებას, რის სანაცვლოდაც იხდის 7 მილიონ დოლარს. მას აქვს ჩამოთვლილი პუნქტები თუ რა აინტერესებს „მაესტროში“. რუხაძე წერს: “გარიგების საგანი შემდეგი აქტივებია, არა კომპანიის წილები. „მაესტროზე“, როგორც ბრენდზე უფლება, „მაესტროს“ ლიცენზიები და სიხშირეები, შეძენილი ტელენაწარმის კონტენტი, ანუ შინაარსი, საავტორო უფლებები „მაესტროს“ მიერ ნაწარმოებ საკუთარ ტელეპროდუქციაზე. შემოთავაზებისას გავითვალისწინეთ ბევრი რამ, მათ შორის გაურკვევლობა გიორგი გაჩეჩილაძის წილთან დაკავშირებით, და ის რისკები რაც ამას მოყვება. შემოთავაზებული ფასი არ ისახავს ამ წილის გამოსყიდვას, არ არსებობს საბოლოო შეთანხმება ბატონ გია გაჩეჩილაძესთან“ – განაცხადა “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აქედან ჩანს, რომ რუხაძის ინტერესია „მაესტროს“ შინაარსი.

“ეს გარიგება არ შედგა რამდენიმე მიზეზით, მათ შორის ჩემი დაჟინებული თხოვნით. თუ მაკა ასათიანი გაასხვისებდა აქტივებს, სხვა პარტნიორებს უღალატებდა. მაკამ ეს არ გააკეთა. ეს შემოთავაზება სისტემატიურად გრძელდებოდა, მათ შორის წინა კვირასაც იყო. როგორ განვითარდა მოვლენები იცით, რუხაძემ გამოიყენა გაჩეჩილაძის 25 პროცენტიანი წილი.

ასევე ვასაჯაროებ შემდეგ მიმოწერას: 2016 წლის 15 იანვარს, მაშინ ჯერ კიდევ პარტნიორები იყვნენ ლევან ჩიკვაიძე და გიორგი ებრალიძე, როცა მათ ყველა სხვა დანარჩენ პარტნიორებს წერილი გაუგზავნეს, სადაც ამბობენ: „ჩვენ ვგეგმავთ წილის გასხვისებას, მესამე პირზე. რადგან უპირატესი შესყიდვის უფლება თქვენ გაქვთ, გთავაზობთ 2 მილიონნახევრად იყიდოთ ჩვენგან წილი და სამ დღეში გადაგვიხადოთ ეს თანხა.” – განაცხადა გადაბაძემ.

მისი თქმით, თუ მესამე პირი არ ყიდულობს წილს, ეს შეთავზება საჭირო არ ხდება, ანუ რუხაძე უკვე ყიდულობდა ამ წილს. რადგან რუხაძის გამოჩენა კარგი არ იქნებოდა, ეს წილი გაჩეჩილაძემ იყიდა.

მაკა ასათიანის პასუხი ამ წერილზე ასეთია: ვინ იქნება მესამე პირი, ხომ არ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა და დამოუკიდებლობა, არის თუ არა მესამე პირისთვის ცნობილი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.

დაინიშნა პარტნიორთა კრება, სადაც ამ კითხვებზე პასუხი არ გაიცა. სწორედ  ასეთი ჩარევების გამო გავხდი იძულებული და  მივმართე სასამართლოს ტელეკომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებით, შემდეგ კი დამაბრალეს, რომ  შეგნებულად ვაკოტრებ ტელევიზიას.” – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ბრიფინგის დასასრულს, მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, რომ ამ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მტკიცდება, რომ „მაესტროს“ 30 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა არა გია გაჩეჩილაძე, არამედ ირაკლი რუხაძე.

სხვადასხვა და შესაბამისი კანონის მიხედვით, ეს გარიგებები მართლსაწინააღმეგოდ უნდა შეფასდეს და გაბათილდეს. არ დავუშვებთ „მაესტროს“ „იმედის“ ფილიალად გადაქცევას.”

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ 55 პროცენტიანი წილის მფლობელი, „იმედის“ წარმომადგენლის, ირაკლი რუხაძის ფინანსური ხელშეწყობით გახდა გია გაჩეჩილაძე. მან თავისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა დირექტორად. ტელეკომპანიის სხვა მეწილეები სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხედავენ და გარიგების გაბათილებას ცდილობენ.

 

იტვირთბა....