კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ აბაშიძე ირაკლი ალასანიას ბრალდებას, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, შესაძლოა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, უსაფუძვლოს უწოდებს.
აბაშიძის განმარტებით, განიხილება საკითხი “კავკასუს ონლაინის” საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისებაზე კომპანია “მობიტელისთვის”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია რუსული “ვიმპელკომი” და ეს კომპანია 2006 წელს შემოვიდა საქართველოში.
“საუბარია საცალო ბაზრის სეგმენტზე და არა მაგისტრალური არხების, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების და რაც მთავარია, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესახებ”, – განაცხადა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალები, ისევე, როგორც სხვა მაგისტრალები რჩება იმავე კომპანიის მფლობელობაში.
შეგახსენებთ, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების რუსეთისთვის მიყიდვის თაობაზე განცხადება ირაკლი ალასანიამ გააკეთა. “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას აღნიშნა, რომ “ვიმ-პელ-კომისთვის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის მიყიდვა, ქვეყნის უსაფრთხოებას დააყენებს ეჭვქვეშ.