ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: ოცნების პირობებში საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ევროკავშირის ანგარიშს აფასებს და ამბობს, რომ იქ საუბარია არა საქართველოს პროგრესზე, არამედ ჩავარდნებზე.

ხოშტარიას თქმით, ანგარიშით გამოჩნდა, რომ ოცნებისა და ოლიგარქიის პირობებში საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა.

“კანდიდატის სტატუსის საკითხიდან და უკრაინაში ომიდან გამომდინარე, ამ ანგარიშმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაზღვრავს ჩვენს პერსპექტივას ევროკავშირის კანდიდატობის მიღების. მას შემდეგ რაც ჩვენ, ერთის მხრივ გვითხრეს, რომ ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას და მეორეს მხრივ, ოლიგარქიის პირობებში ეს შეუძლებელია, გასულია თითქმის 2 თვე და ვკითხულობთ ანგარიშს, სადაც არა თუ პროგრესი, არამედ მთელი ფუნდამენტური მიმართულებებით გვაქვს ჩავარდნები. ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოცნების პირობებში, ოლიგარქიის პირობებში საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა. ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩამოთვლილი გვაქვს რა გვაქვს გასაკეთებელი და ჯერი და ვალი არის ჩვენზე, რომ ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ოლიგარქისგან”, – ამბობს ელენე ხოშტარია.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მორიგი ანგარიში 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ შეფერხებაა სასამართლოს სისტემის რეფორმაში, საკმარისად არ იყო დაცული შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება 5 ივლისს, ზეწოლა იყო სახალხო დამცველზე, ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით.

იტვირთბა....