ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც უკრაინამ იერიში მიიტანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ეს საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა რუსეთისთვის, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა მამულა მამულაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პანიკური მდგომარეობაა და უახლოეს დღეებში უკრაინელების კონტრშეტევა დაიწყება.
“დღეის მდგომარეობით რეგიონიდან დიდი რაოდენობით ტურისტების გადინება მიმდინარეობს. საკმაოდ პანიკური მდგომარეობაა, რადგან არ ელოდნენ ოკუპანტები, რომ უკრაინა შეძლებდა და დაბომბავდა რუსულ საავიაციო ბაზას.
რუსეთისთვის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იქმნება. მთლიანად ფრონტის ხაზზე დინამიკა საკმაოდ მაღალია. “ჰაიმარსების” მოწოდება და გამოყენება მიმდინარეობს. როდესაც გარკვეული რაოდენობა დაგროვდება, შემდეგ გამოჩნდება უკვე რეალური ცვლილება. რუსეთის არმიის არაეფექტურობა დიდი ხანია ნათელია და ეს [ყირიმის აფეთქება] ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
რუსეთს საკმაოდ ძლიერი პროპაგანდის მანქანა აქვს და რა თქმა უნდა, ეცდებიან, რომ ეს ჩვეულებრივ ხანძრად გააფორმონ და ამ სიტუაციიდან გამოვიდნენ. უკრაინელებმა იერიში მიიტანეს იმ ადგილზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და საიდანაც ფრინდებოდნენ სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც დანარჩენ უკრაინას ბომბავდნენ. მგონია, რომ უახლოეს დღეებში უკრაინელების კონტრშეტევა დაიწყება და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად მიიღებს უკრაინა დასავლეთისგან იმ შეიარაღებას, რომელსაც ველოდებით”, – მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ნოვოფედოროვკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საცავებს გაუჩნდა. ხალხმა პანიკურად დაიწყო ნოვოფედორივკასა და ნახევარკუნძულის დატოვება.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის აფეთქება გახდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა მაშინვე მიანიშნა, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ძლიერი აფეთქებები უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მოხდა.
ამავე თემაზე: ამერიკელმა ანალიტიკოსებმა დაასახელეს მიზეზი, თუ რატომ არ დაადანაშაულებს კრემლი უკრაინას ყირიმში მომხდარ აფეთქებებში

