ხერსონიდან რუსი სამხედროების ოჯახების გაყვანა დაიწყეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინელებმა ანტონოვსკის ხიდზე რამდენიმე იერიში მიიტანეს.
„ანტონოვსკისა და კახოვკას ხიდებზე ახლახანს მიტანილი იერიშის შემდეგ ოკუპანტები პანიკამ მოიცვა. ხერსონში მცხოვრები რუსი სამხედროების ოჯახების მასობრივი გაყვანა დაიწყო“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ხერსონში ოკუპანტები “რეფერუნდის” ჩატარების საკითხს აქტიურად განიხილავენ და მოსახლეობას მასზე უარის თქმის შემთხვევაში პრობლემებით ემუქრებიან.
გარდა ამისა, პერსონალური მონაცემების შეგროვების მიზნით, გაზარდეს „ფულადი დახმარების“ გაცემა.
ცნობისთვის, უკრაინელებმა ანტონოვსკის ხიდზე რამდენიმე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

