ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, თუ რუსეთს მიეცემა უკრაინის ბულინგის, უკრაინაში შეჭრისა და ტერიტორიების მითვისების უფლება, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ამით „სეზონი გახსნილი“ იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ამის შესახებ ბლინკენმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას ეწვევა.
„თუ ჩვენ საშუალებას მივცემთ დიდ ქვეყანას დააბულინგოს პატარა ქვეყანა, მარტივად შეიჭრას მასში და მიითვისოს მისი ტერიტორიები, ამით სეზონი გაიხსნება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს.

