2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონია ცხინვალში, მემორიალურ კომპლექს „სამხრეთ ოსეთის დამცველებთან“ გაიმართა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი, ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალექსეი მაჩნევი, რუსეთის ელჩი ცხინვალში მარატ კულახმეტოვი და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები.
ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ “რუსეთის მხარდაჭერის წყალობით, სამხრეთ ოსეთი გადარჩა და აღადგინა თავისი ქვეყანა, აჩვენა მთელ მსოფლიოს ოსი ხალხის ურყევი ნება თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის”.
„სამხრეთ ოსეთი მუდამ მადლიერი იქნება რუსეთის ხალხისა და მისი ხელმძღვანელობისა! ძეგლი, რომელზეც ახლა ვდგავართ, წარმოადგენს რუსულ-ოსურ ურთიერთდახმარებას, სოლიდარობას, საერთო გამარჯვებას და მარადიულ ხსოვნას მათდამი, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისთვის“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

