ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არ მესმის რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში რუსეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება – ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის გასაკვირია, თუ რატომ იწვევს ხელისუფლების გაკვირვებას ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეების მიმართ სიყვარულს არ გამოხატავენ.

მისი თქმით, ქსენოფობია მიუღებელია და თუ კობახიძეს განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ აგრესიის მტკიცებულებები აქვს სახალხო დამცველის აპარატი კონკრეტულ ფაქტებს შეისწავლის.

„ქსენოფობია არის აბსოლუტურად მიუღებელი, მით უმეტეს, აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. ასეთ თითოეულ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა, გამოეხმაურება და დაგმობს, თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს ასეთი პრობლემა. თუ კობახიძეს აქვს კონკრეტული ფაქტები, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მომართოს სახალხო დამცველს და ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ეს საქმე. ამ წუთას მე არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები და ნამდვილად ვერ დავადასტურებ.

ჩვენ არ მოგვრიდებია არასოდეს არცერთ არაპოპულარულ თემაზე განცხადებების გაკეთება. მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის, თუმცა კიდევ ერთხელ, 8 აგვისტო მოდის და ჩემთვის გასაკვირია რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

როდესაც დღეს რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს, მიკვირს, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალშ, როდესაც მათ სახელმწიფო, მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ.

ამიტომ, ეს ძალიან ბუნებრივია, შეიძლება სიყვარული არ გამოხატოს მოქალაქეებმა და ბუნებრივია ის უკმაყოფილება. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს უკანონო ფორმებში და სახალხო დამცველი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თუ ასეთი საშიშროება დავინახეთ, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას“ – ამბობს ნინო ლომჯარია.

იტვირთბა....