გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდანაა. 43 წლის დიმა ქააძეს თბილისის საავიაციო სასწავლებელი აქვს დამთავრებული. ახლობლები ამბობენ, რომ მან კვალიფიკაცია უკრაინაში აიმაღლა.
„ავიღე ტელეფონი და დავრეკე: ქააძე ხომ არ იყო იქ? სრულიად უცნობი ჩემთვის მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით… აღმოჩნდა, რომ იყო…“ – ამის შესახებ, ჟურნალისტი, ანა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.
“ქააძე.. ქააძე.. სულ მესმოდა ეს გვარი დიტოსგან. არ ვიცნობდი, არც არსად მენახა, მახსოვდა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამაშველო ოპერაციის მერე დაჯილდოვდა და თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ვინმე სადმე თუ ჩარჩებოდა, საშველი იყო და ყურს მოვკრავდი ამ თემას ტელეფონზე, იქვე მესმოდა: ‘აქ არაა ქააძე?’ დღევანდელი ტრაგედიის ამბავი რომ გავიგე, იმწამსვე გულმა რეჩხი მიყო, ავიღე ტელეფონი და დავრეკე: ქააძე ხომ არ იყო იქ? სრულიად უცნობი ჩემთვის, მაგრამ ნაცნობი მისი პროფესიონალიზმით და შემართებით….იყო. აღმოჩნდა, რომ იყო:( რა მძიმე ამბავია… სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, მთელ საქართველოს.. დიდება გმირებს.” – წერს ანა წერეთელი.

