„S-92“-ს, რომელსაც ამერიკული კომპანია „sikorsky“ აწარმოებს, საგანგებო სიტუაციებისთვის იყენებენ ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ჩინეთში, მექსიკაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, ინგლისში, ამერიკაში, ირლანდიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში.
თავდაპირველად ვერტმფრენი სამხედრო დავალებებს ასრულებდა, შემდეგ წლებში კი სპეციალური სამაშველო დახმარებისთვის უფრო გამოსადეგი გახდა. „S-92“-ს შეუძლია 22 ადამიანის გადაყვანა. სიჩქარე, სტაბილიზაცია და გამართული მართვა ამ ვერტმფრენის დადებითი მხარეა. მას მოიხსენიებენ როგორც დამყოლ და მარტივად სამართავ ვერტმფრენს, შეუძლია ავტომატურად 15 მეტრამდე მიწაზე დაშვება და სტაბილიზაციის შენარჩუნება, 360 გრადუსზე პატარა პერიმეტრზე მობრუნება. „S-92“ ერთ-ერთი პირველი ვერტმფრენია, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს და ყოფილი გაერთიანებული საავიაციო სამსახურის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
„S-92“ აღჭურვილია მექანიზმით, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს შეტაკების შედეგად ბენზინის ავზის აფეთქების შანსი. ის გათვლილია ზღვაზე, მთებში და უდაბნოში საფრენად. მისი ნაწილები უფრო დიდხანს არის მწყობრში, ვიდრე სხვა ვერტმფრენების. გამოიყენება გრძელ დისტანციაზე საფრენადაც. აღჭურვილია რამდენიმე საკაცით, თოკით, რომელზეც საკაცე ებმება, კიბით, გასაბერი ნავით და გათვლილია თითქმის ნებისმიერი სამაშველო ოპერაციისთვის.
„S-92“-მა 2016 წელს ჩაანაცვლა „EC225 Super Puma“, მას შემდეგ, რაც იმავე წლის 29 აპრილს
„Super Puma“, რომელსაც ჩრდილოეთის ზღვიდან ნავთობზე მომუშავე ხელოსნები გადმოჰყავდა, კუნძულ ტუროიასთან (ნორვეგია) ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ცამეტივე ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ე.წ. „კუდის როტერის“ მწყობრიდან გამოსვლა გახდა. ამის გამო, ბევრმა ქვეყანამ და კომპანიამ უარი თქვეს „Super puma“-ს გამოყენებაზე და „S-92“-ით ჩაანაცვლეს.
„Sikorsky“-ის, სპეციალური სამაშველო ჯგუფებისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 6700 ვერტმფრენამდე აქვს გაყიდული. ახალი ვერტმფრენის გასაყიდი ფასი 26 მილიონი აშშ დოლარია.
წყარო: mtisambebi.ge

