შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული, დავით ჯეჯეიშვილი დააკავა.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მ.კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა, ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილეს აღნიშვნის დროს მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა.
ინციდენტის შემდეგ დაპირისპირებული ახალგაზრდები წვეულების ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გავიდნენ, სადაც მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია.

