ცხვარიჭამიის საქმეზე წვეულების ერთერთი მონაწილის ადვოკატი ფიქრია მახარაძე რუსთავი 2-თან საუბრისას აცხადებს, რომ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი უაზროდ დაიწყო.
“კონფლიქტი დაიწყო ძალიან მარტივად, დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ “ნახალოვკელები” და საბურთალოელები. მხარი გაკრა ვიღაცამ ვიღაცას და ამის შემდეგ დაიწყო ეს, აბსოლუტურად, უაზრო კონფლიქტი. ბოდიშებიც მოიხადეს, თითქოს დაწყნარდნენ და ზუსტად მაგ დროს ეტყობა, გააგრძელეს კონფლიქტი. მკვლელობა რომ მოხდა, გაიქცნენ ადგილიდან. ერთი ჭრილობა აქვს ჩემი ვარაუდით, გულ-მკერდის არეში. ძალიან მალევე გარდაიცვალა, მანქანაშივე, საავადმყოფოში მიმავალ გზაზე”, – აცხადებს მახარაძე.
ცნობისთვის, მირიან კუკავა ცხვარიჭამიაში, მეგობრის სახლში იმყოფებოდა დაბადების დღეზე, რა დროსაც, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ტრაგედიით დასრულდა.
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.