ბიანკა შიგუროვა მეტრომშენის დასახლებაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. “მეტრონომთან” საუბარში გარდაცვალების მიზეზად შსს-მ ამ ეტაპზე გაზის გაჟონვა დაასახელა.
„ნაპოვნია გვამი. მასთან ერთად გაგუდულია მისი ძაღლი. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, – განუცხადეს “მეტრონომს” შსს-ში.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შიგუროვა 3-4 დღის წინ გარდაიცვალა, მისი ცხედარი კი დღეს აღმოაჩინეს. ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა 22 წლის იყო.
„მეტრონომმა“ მოიძია ბიანკა შიგუროვას ადრე გაკეთებული განცხადებები. განსაკუთრებით საინტერესოა, რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში განთავსებული მისი პოსტი.
„დღეს დამირეკა საბი ბერიანის პროკურორმა, ჩემი თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით. გამაცნეს სასამართლო განაჩენი. მკვლელი ლევან კოჭლაშვილი არ ისჯება კანონით. სასამართლომ განაჩენი ორ კვირაში უნდა თქვას, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ეს მითხრეს, რომ საბის მკვლელობა მას არ ბრალდება მხოლოდ ხანძრის გაჩენა და ჩემი თავდასხმა ედება ბრალად. ხალხო ესე ეს საქმე არ უნდა დარჩეს, დამეხმარეთ, რომ მკვლელი მალე არ გამოვიდეს და დამნაშავე დაისაჯოს“.
შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი გასულ წელს საკუთარ სახლში ჯერ მოკლეს შემდეგ კი დაწვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლოშვილი ნაწილობრივ გაამართლა.
კოჭლოშვილს სხვისი ნივთის დაზიანებისა (საბი ბერიანის ბინაში ხანძრის გაჩენის) და ტრანსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას ცემისთვის ჯამურად 4 წელი პატიმრობა შეეფარდა. ბერიანის განზრახ მკვლელობაში კი სასამართლომ კოჭლოშვილი უდანაშაულოდ ცნო.
„ცხოვრება ზოგჯერ მძიმე გამოცდას გვიწყობს და ამით ვიტანჯებით. მე მაგალითად 6 წელია ცხოვრებას ვეჭიდები და ძალიან იშვიათად ვიღიმი. დავიღალე ბრძოლით, მეც მინდა ცოტაოდენი კარგი შემხვდეს და ბედნიერება მომიტანოს დრომ. იმედი მაქვს მოვა ეს დღე“. – წერს შიგუროვა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე სოციალურ ქსელში.