ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგი თოფაძე ბოდიშს იხდის და პრეზიდენტსაც ამისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძე მის გუშინდელ განცხადებას საზოგადოების მხრიდან არასწორად აღქმულს უწოდებს და ამბობს, რომ რომ არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უფიქრია. ის საზოგადოების წინაშე ბოდიშს იხდის.

როგორც თოფაძის განცხადებაშია ნათქვამი, ის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ მანაც საზოგადოების წინაშე თავისი სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადოს.

თოფაძის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც „ლიბერალი” უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორად იყო აღქმული.

მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალ „დრო მშვიდობისაში“ სათაურით  „ნიჩურტა! – მე ქართველი ვარ“ იქნა გამოქვეყნებული  და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში, თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ, მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა. ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის, მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცხმყოფელია.

არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია  და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი.

აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც ქართველი ერი შეურაცხყო.

ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ”, – ნათქვამია თოფაძის განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა.

“თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება, მინდა მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი.”, – თქვა გოგი თოფაძემ

იტვირთბა....