ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

“მეტრონომმა” ციტატა მოიძია: რა თქვა მარგველაშვილმა, რასაც თოფაძის სკანდალური განცხადება მოჰყვა (ვიდეო)

პრეზიდენტის მისამართით თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, “მეტრონომმა” გადაწყვიტა მოეძიებინა პრეზიდენტის ის გამონათქვამი, რასაც თოფაძის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

“მეტრონომის” მიერ მოძიებულ მასალაში, რომელიც მან ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე გააკეთა, სიტყვა “დაუნი” ნახსენები არ არის.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჟურნალში – “დრო მშვიდობისა”  ქართველი ერის შესახებ საკუთარი  მოსაზრება აქვს აღნიშნული მანამდე, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა. ცნობილი ამონარიდების მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი ამბობდა:

„ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება… მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო“;

„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით, ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე.

“ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება – აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . .“.

“ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ ის „პამპულობას“ თამაშობს. ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს“;

„რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: „არაუშავს“, „მაპატიე, რა“, „არ მინდოდა“ და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი…

„მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი „ჟილკობით“ იგებს, მეორე კი არ ცდილობს ეს „ჟილკობა“ დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…“.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა გოგი თოფაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი წლიური ანგარიშით წარსდგა, გიორგი მარგველაშვილს ეს განცხადებები საკუთარი ინტერპრეტაციით შეახსენა. გოგი თოფაძემ პრეზიდენტს მიმართა:

“თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, უაზრო… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში.”

დეპუტატის ამ განცხადებამ უკვე გამოიწვია მწვავე კრიტიკა საზოგადოების ნაწილში. ისინი თოფაძეს დაუნის სინდრომის სალანძღავ კატეგორიად გამოყენებას უპროტესტებენ.

ვიდეოში თქვენ ხედავთ, თოფაძის გამოსვლის მომენტში, პრეზიდენტის ჟესტებს, რითაც ჩანს, რომ პრეზიდენტი ვერ იხსენებს, თუ მის რომელ ციტატაზე საუბრობს თოფაძე.

 

იტვირთბა....