ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს, რუსეთი უკრაინაში დამარცხდება” – ჰოჯესი

საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს, რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ.

“გულწრფელად რომ ვთქვათ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც მათ ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. მე არ ვიცი მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქრონ.

საინტერესოა ის, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული. რუსეთი არანაირ ასეთ შეთანხმებას ცხადია არ დაიცავს. მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული. მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?”, – აცხადებს ჰოჯესი.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ლოჯისტიკური მდგომარეობა ყოველ კვირას უმჯობესდება, რუსებისთვის კი უარესდება, იგივე ხდება ცოცხალ ძალასთან დაკავშირებითაც.

“ვფიქრობ, ეს ძალიან შესაძლებელია! ომი არის ნებისყოფის და ლოგისტიკის გამოცდა. უკრაინელებს ეს ნებისყოფა აშკარად აქვთ. ისინი იცავენ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გააჩერეს რუსული ჯარი. ნებისყოფის მეორე ნაწილი აქ დასავლეთზე მოდის, სადაც შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები კრემლის წინააღმდეგ დგანან.

ვფიქრობ, კრემლს სჯერა, რომ თუ დეკემბერამდე შეძლებს პოზიციების შენარჩუნებას, ჩვენი შიდა პრობლემების, ეკონომიკის, არჩევნების, ბრიტანეთში ახალი პრემიერის, გაზის თუ სხვა მიზეზების გამო, ჩვენ ყველას ინტერესი დაგვეკარგება. ვფიქრობ, ეს იქნება ნამდვილი გამოცდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის, შეძლებს თუ არა ის ყველას ერთიანობის შენარჩუნებას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, უკრაინამ გაიმარჯვოს. ვფიქრობ, უკრაინის ლოჯისტიკური მდგომარეობა ყოველ კვირას უმჯობესდება, რუსებისთვის კი უარესდება, იგივე ხდება ცოცხალ ძალასთან დაკავშირებითაც.

ასე რომ, დიახ, მე მჯერა, რომ უკრაინის გამარჯვების. თუმცა აქ უზარმაზარი ფაქტორი ჩვენი ერთიანობაა, სანქციების შენარჩუნებაში და უკრაინისთვის იმის მიწოდებაში, რასაც დავპირდით, მათ შორის, იარაღის და დაზვერვის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. თუ ეს ასეც გაგრძელდა, მე მჯერა, რომ წლის ბოლოს შეიძლება ვნახოთ, რომ რუსეთი 23 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნდეს”, – განაცხადა მან.

 

იტვირთბა....