“გამრიცხავენ და მერე კუთხეში დამაყენებენ, რა?!”- ასე უპასუხა მაკა ასათიანის ადვოკატის განცხადებას ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ. გაჩეჩილაძის კომენტარის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ირაკლი კორძახიამ „მეტრონომს“ განუცხადა.
გუშინ, მაკა ასათიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ „მაესტროს“ პარტნიორთა კრებაზე მაკა ასათიანი გია გაჩეჩილაძის გარიცხვის საკითხს დააყენებს.
„პარტნიორთა კრება მაესტროში არის დანიშნული 4 თებერვალს 12 საათზე, სადაც განიხილება დირექტორის გადაყენების საკითხი და ჩვენს მიერ დასმული საკითხის პარტნიორის გიორგი გაჩეჩილაძის გარიცხვის შესახებ, რაც შეეხება რეორგანიზაციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მის დასაწყებად, წესდების მიხედვით, ჩვენი თანხმობა დასჭირდება ბატონ გიორგის”, – განაცხადა გვენეტაძემ. მისივე თქმით, “მაესტროს” ტექნიკის 99% მაკა ასათიანის საკუთრებაა.
“ძირითადი მატერიალური აქტივები, რითაც ტელეკომპანია მაუწყებლობს, არის მაკა ასათიანის და მის კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების საკუთრება. თუ მაკა ასათიანის ნება არ იქნება, სამართლებრივად შეუძლებელია, რომ ვინმემ ის იძულებული გახადოს, მისი საკუთრება გამოიყენოს. ტელევიზიის ტექნიკის 99% მაკა ასათიანის საკუთრება”, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ მაკა ასათიანი “მაესტროსთან” მიმართებაში არასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც საფრთხეს შეუქმნის ტელევიზიას და ჟურნალისტებს.
„მეტრონომი“ ამ განცხადებებთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის წარმომადგენელს, ირაკლი კორძახიას დაუკავშირდა, რომელმაც გარიცხვასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის პოზიცია გაახმოვანა:
„გია გაჩეჩილაძეს ვესაუბრე და ეგეთ სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებთო, ეგეთ განცხადებებზე და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პარტნიორთა საბჭოდან გია გაჩეჩილაძის გარიცხვაა შესაძლებელი. გამრიცხავენო და მერე კუთხეში დამაყენებენო, რა“- გვითხრა ირაკლი კორძახიამ.
მან სამართლებრივად პარტნიორთა საბჭოდან საკონტროლო პაკეტის მფლობელის გარიცხვის შეუძლებლობაზე ისაუბრა.
„სამართლებრივად გარიცხვა კანონით შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტნიორს არ აქვს თავისი შენატანი განხორციელებული და გია გაჩეჩილაძე კომპანიის პარტნიორია 2011 წლიდან, ამიტომაც უაზრობაა ამ საკითხის ასე დაყენება“ – აღნიშნა კორძახიამ.
რაც შეეხება მაკა ასათიანის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც შენობა და ტელევიზიის ტექნიკის 99% მაკა ასათიანის საკუთრებაა, კორძახიამ გვითხრა, რომ პირველ რიგში, გაჩეჩილაძის მიზანი კომპანიის გაკოტრების პროცესის შეჩერებაა, ამის შემდეგ კი გაირკვევა, თუ ვის ეკუთვნის ტექნიკა და შენობა:
„გია გაჩეჩილაძის პირადი მიზანია, რომ მან შეწყვიტოს კომპანიის მიმართ გაკოტრების პროცესი. პირველ რიგში, მისი მიზანი ეს არის და შემდეგ გაირკვევა ვის ეკუთვნის ტექნიკა და ა.შ.“ – აღნიშნა კორძახიამ.
მოგვიანებით, მაესტროს ერთ-ერთმა მფლობელმა მაკა ასათიანმა ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ბრალდებებზე რაიმე ფორმით საუბარი არ სურს.
“მიუხედავად უდიდესი გულისტკივილისა, დაუმსახურებელი შეფასებებისა, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, არ მსურს, რაიმე ფორმით ვისაუბრო უგნურ ბრალდებებზე და ტყუილებზე, რომელიც მე უზარმაზარ შეურაცხყოფას მაყენებს. არ მინდა გადავღალოთ საზოგადოება, ვითომდა, პარტნიორთა შორის არსებული დაპირისპირებით.
მიმაჩნია, რომ ასე განვითარებული მოვლენები შესაძლოა ემსახურებოდეს „მაესტრო“-ს იმიჯის შელახვის უგნურ მცდელობას, რაშიც არ ვაპირებ არანაირი ფორმით მონაწილეობის მიღებას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სასამართლოში უკვე მიმდინარეობს განხილვები. შესაბამისად სასამართლოს დასკვნები უკეთ მოჰფენს ნათელს ჩემს დადებით თუ უარყოფით როლს ტელეკომპანიის განვითარებაში. რა ფორმითაც არ უნდა გაგრძელდეს ბრალდებები და შეურაცხყოფა ჩემს მიმართ, ისევ და ისევ ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე არ ჩავერთვები პოლემიკაში, არ ვაპირებ არც თავის მართლებას და არც ვინმეზე შეტევას. შესაბამის საჯარო კომენტარებს მხოლოდ სასამართლოს შეფასებების შემდეგ გავაკეთებ”.