რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში მორიგი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს — ოკუპანტმა უკრაინელი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს.
ტრაგიკული ინციდენტის შესახებ იუწყება ანალიტიკური პროექტი DeepState. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის ოთხი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.
„კიდევ ერთხელ დაარღვია მტერმა ომის წარმოების წესები და ნორმები — ხარკოვის ოლქში, ვეტერინარულის სიახლოვეს, ოთხი უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს,“ — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე იუწყებიან, რომ მოწინააღმდეგემ პოზიციაში „მეზობელი მიმართულებიდან“ შეაღწია. ე.წ. სააღდგომო ზავის დროს რუსმა სამხედროებმა უკრაინულ ევაკუაციის ჯგუფს შეუტიეს. DeepState-ის ცნობით, დაახლოებით 17:30 საათზე, ზაპოროჟიეს ოლქში, გულიაიპოლეს მახლობლად, დაჭრილი სამხედროები დაიღუპნენ.
გარდა ამისა, რუსეთი სისტემატურად უტევს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობასაც. დონეცკის ოლქის კრამატორსკიზე ოთხი ბომბი ჩამოაგდეს, რომელთაგან ერთ-ერთი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად, ათი ადამიანი დაშავდა.
მტრის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა ოდესაც — არიან დაღუპულები და დაშავებულები. ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: ათობით კერძო და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, საერთო საცხოვრებელი და საბავშვო ბაღის შენობა. შენობებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია სახურავები და ფასადები.

