სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლის, თეა მარტყოფლიშვილის განცხადებით, მისი ქმარი პოლიტპატიმარია და თუ საქართველოში ვერ დაამტკიცებს მის უდანაშაულობას, სამართლებრივ ბრძოლას ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაიწყებს.
თეა მარტყოფლიშვილის თქმით, თუ საჭირო გახდება აქციები, “მარტო, თუ ხალხთან ერთად”, მაინც დაიწყებს ბრძოლას.
“სოსო გოგაშვილი რომ მუშაობდა, მას ჰყავდა ხელმძღვანელები და რასაც ავალებდნენ იმას აკეთებდა, მაგრამ სოსო გოგაშვილს არასოდეს სიბინძურე არ გაუკეთებია. კარგ საქმეს რასაც აკეთებდა სოსო გოგაშვილი, თვითონ იბრალებდნენ და რა სიბინძურეებსაც თავად აკეთებდნენ, სოსო გოგაშვილს აბრალებდნენ. სოსო გოგაშვილის ცოლი არ აპირებს გაჩერებას, ძალიან ბევრ სახელს და გვარს დავასახელებ, დამელოდეთ აუცილებლად თქვენთვისაც მოვიცლი. სოსო გოგაშვილი არის პოლიტპატიმარი. ჩემი ოჯახი არის ტერორის ქვეშ. ამ მთავრობას უნდა ჩემი ოჯახის ლიკვიდაცია. მე ღამეც და დღეც მეშინია იმიტომ, რომ ყოველ დღე დამყვებოდა მანქანა ლილუაშვილის დავალებით. ეს სპეცოპერაცია არ მოხდებოდა თუ ლილუაშვილი არ გასცემდა ბრძანებას. ლილუაშვილს მინდა ვუთხრა, რომ შენი ჯერიც მალე დადგება. ჯერ ველოდები ბრალი წარუდგინონ. თუ მე აქ, საქართველოში ვერ დავამტკიცე ჩემი ქმრის უდანაშაულობა აუცილებლად, საქართველოს გარეთ დავიწყებ ბრძოლას. თუ საჭირო გახდება აქციები პირველი მე ვიქნები, მარტო, თუ ხალხთან ერთად, მაინც დავიწყებ ბრძოლას”, – ციტირებს “ინტერპრესნიუსი”.
შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.