ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წიკლაური: ვარშალომიძის პარლამენტიდან გაშვება პოლიტიკური დევნის დემონსტრირებაა

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შესაძლო შეწყვეტას ეხმაურება. მისი თქმით, ვარშალომიძე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და ამ პირობებში, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკურ დევნაზე მიანიშნებს.

“ეს არის პოლიტიკური დევნის დემონსტრირება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩახსნილია ე.წ. სია და იმ შემთხვევაში, თუ ვარშალომიძეს შეუწყვეტენ დეპუტატის უფლებამოსილებას, „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ შევა პარლამენტში. ახლა ხდება კანონების გამოყენება იმისათვის, რომ გაგრძელდეს პოლიტიკური დევნა ოპონენტების წინააღმდეგ”, – ციტირებს წიკლაურის სიტყვებს “ინტერპრესნიუსი”.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს.

მისთვის  უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა სახელდება.

 

იტვირთბა....