ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პატარკაციშვილებმა რეაქცია შეწირეს საკუთარ ბიზნესს გარიგებებს და პოლიტიკურ ინტერესებს“

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში განმარტა თუ რას გულისხმობდა მისი განცხადება ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, სადაც გრიგოლიამ „რეაქციის“ დახურვა ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებს დაუკავშირა:

ინგა გრიგოლია: “ეს განცხადება მხოლოდ „ტვ პირველის“ ეთერში არ გამიკეთებია, მე ეს განცხადება გავაკეთე მაშინვე, როგორც კი გამომაგდეს ტელეკომპანია „იმედიდან“. მაშინვე ვთქვი, რომ ეს პოლიტიკური და ბიზნეს-ინტერესების გამო მიღებული გადაწყვეტილება იყო. იმიტომ, რომ არცერთი ტელევიზია არ ხურავს იმ ყურებადობის გადაცემას, რაც „რეაქციას“ ჰქონდა. შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე, მე ჩემი ინფორმაციები მოვიძიე და დღეს თამამად შემიძლია იმის გამეორება, რაც გადაცემის დახურვის დღეებში ვთქვი: პატარკაციშვილებმა „რეაქცია“ შეწირეს საკუთარ ბიზნეს-გარიგებებს და საკუთარ სამომავლო პოლიტიკურ ინტერესებს. სხვათაშორის, ახალ არხზე, „ტვ პირველზე“ მინდოდა ჟურნალისტური გამოძიება გამეკეთებინა. მოხდა ისე, რომ შეიცვალა პრიორიტეტები და მომიწია ყოველდღიურ ეთერში ჯდომა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ გავაკეთებ ჟურნალისტურ გამოძიებას, რაღაც პერიოდის შემდეგ და მე მაქვს დაფიცებული, ჩავყვები ამ თემას სიცოცხლის ბოლომდე. იმიტომ კი არა, რომ სამსახურიდან გამომიშვეს – სამსახურიდან ეგრე ბევრჯერ გამოვუშვივარ, იმიტომ, რომ ასე არ შეიძლება მოექცე ადამიანებს, არ შეიძლება გქონდეს მაღალი რეიტინგის გადაცემა და ახსნა-განმარტების გარეშე გამოაგდო ის გუნდი იქიდან, ვინც ღამეებს ათენებს და მართალია თავის საქმეში. დიახ, მე გავაკეთებ ჟურნალისტურ გამოძიებას და სიკვდილამდე, რომ ვიმუშაო ამ თემაზე, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, რომ არ დავდო, რას შეეწირა „რეაქცია“, რა კონრეტულ ბიზნეს-ინტერესებს. პოლიტიკურში კი რასაც ვგულისხმობ, ამას არცთუ ისე გვიან, თავად ნახავს ჩვენი მაყურებელი.” – განაცხადა გრიგოლიამ „იბერიას“ ეთერში.

შეგახსნებთ, რომ ინგა გრიგოლია, მას შემდეგ რაც გადაცემა „რეაქცია“ „იმედზე“ დაიხურა,  გუშინ პირველად გამოჩნდა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, სადაც განაცხადა, რომ „რეაქცია“ პოლიტიკურ და ბიზნეს-ინტერესებს შეეწირა.

 

იტვირთბა....