საბერძნეთში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აიკრძალება და 2027 წლის პირველი იანვრიდან შესაბამისი შეზღუდვა ძალაში შევა. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.
მიცოტაკისის თქმით, საბერძნეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ინიციატივას განახორციელებ და შესაბამისი კანონმდებლობა 2026 წლის ზაფხულში იქნება მიღებული.
„მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან. ბოლო წლებში ბევრ მშობელს ვესაუბრე და ყველა ერთსა და იმავეს მეუბნება, რომ მათ შვილს კარგად არ სძინავს, მუდამ სტრესშია და მუდმივად მობილურ ტელეფონში იყურება. როდესაც ბავშვი საათობით ატარებს დროს ეკრანის წინ, მისი გონება არ ისვენებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით წინ წავსულიყავით. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, შეიძლება გაბრაზდეთ ჩემზე. თქვენს ასაკში, ალბათ, მეც ამას ვიგრძნობდი, მაგრამ ჩვენი როლი არ არის ყველას ვასიამოვნოთ. მაშინაც კი, თუ დღეს არ გვეთანხმებით, უბრალოდ მინდა, რომ ამაზე დაფიქრდეთ და თქვენს მეგობრებთან ერთად განიხილოთ. თუ რამე გვაიძულებს, უფრო სტრესულად, უარესად, ნაკლებად კარგად ვიგრძნოთ თავი, ვიდრე სინამდვილეში ვართ, მაშინ შესაძლოა, ღირდეს ამის შეჩერება. ჩვენი მიზანი არ არის თქვენი დაშორება ტექნოლოგიებისგან, რომელიც შეიძლება იყოს შთაგონების წყარო, ცოდნის წყარო, შემოქმედების წყარო“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
მისი თქმით, საბერძნეთი ევროკავშირს მსგავსი რეგულაციების მიღებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენი მიზანია, ევროკავშირი ამ მიმართულებით წავიყვანოთ“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, რომ სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვას 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განიხილავს დიდი ბრიტანეთი. მსგავსი ინიციატივა დააანონსა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესიმაც. ამასთან, დანია გეგმავს ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, ხოლო გერმანიაში უკვე გამოთქვეს მხარდაჭერა 14 წლამდე ბავშვებისთვის მსგავსი აკრძალვის იდეის მიმართ.

