“ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს ამერიკული და არა რუსულ-ჩინური ბუნდოვანი კაპიტალით” – ამის შესახებ პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც გეგელიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ახლა როდესაც რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობების დალაგება მიდის და ახალი ენერგეტიკული ხაზების ბედი წყდება, აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ ბიძინა ივანიშვილთან მიდიან, რადგან იციან, რომ საქართველოში ყველა მთავარი პროცესის რეალური ხელმძღვანელი ივანიშვილია.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას გეგელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ლელოსთვის“ პრიორიტეტია არა ის, რომ ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ააშენოს, არამედ ის, რომ პოსტი აშენდეს, რადგან ის საქართველოს სჭირდება.
“ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია სწორი, გამჭვირვალე კონტრაქტით აშენდეს და არა არაბულ-ყალთაბანდური პროექტივით, არა დასანქცირებული კორუმპირებული ჩინური კომპანიების და არა რუსულ-ჩინური ბუნდოვანი კაპიტალის გამტარი კომპანიების მიერ, რაც “ქოცებს“ უყვარს.
ანაკლია უნდა აშენდეს ამერიკული კაპიტალით, ევრო-ატლანტიკური გამჭვირვალე ხარისხიანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ და ჩვენ ვიქნებით ძალიან ბედნიერი – ჩვენთვის მთავარია, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს და საქართველომ შანსი არ დაკარგოს. ასეთი შანსი საუკუნეში ერთხელ არის“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
გეგელიას აზრით, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი პირდაპირ კავშირშია რეგიონში მიმდინარე პროცესებთან – კონკრეტულად კი, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოპოლიტიკის საკითხებთან.
“ვითარება მკაფიოა – ერთის მხრივ, ეს არის ტრამპის უშუალო ჩართულობით შექმნილი ახალი დერეფანი, რომელიც ტრამპის სახელს ატარებს. ჩვენ გუშინ ამასთან დაკავშირებით ინიციატივა წარმოვთქვით. დასავლეთით ამ გზის ლოგიკური გაგრძელება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უნდა იყოს. ვთქვით, რომ მას ასევე ტრამპის სახელი ეწოდოს. ვიღაცებს აქცენტი ამაზე ჰქონდათ. ადამიანები ვეღარ ხედავენ იმას, რომ უკვე არის გზა და თუ საკუთარ წვენში ხარშვას გასცდებიან, დაინახავენ, რომ ამ გზამ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და ტრანზიტის მთელი დინამიკა გადაწერა. თუ ანაკლიის პორტი აშენდება, ის თავისთავად ამ გზის ფუნქციური ტოლფარდი ერთეული იქნება – ამ ჯაჭვის ნაწილი იქნება. არ ვიცი, რა ნახეს გასაოცარი იმაში, რომ ამასაც იგივე სახელი ერქვას. ტრამპის სახელობის გზა უკვე არსებობს და ანაკლიის პორტის ამ გზის და ამ ჯაჭვის ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

