პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ჩავიბარეთ დიქტატურული რეჟიმი და დღეს, საქართველო დემოკრატიის თვალსაჩინო მაგალითია

“ჩვენ რეალურად ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატურული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიისა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას შეეხებოდა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში გარანტირებულია ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება.

“მინდა, კითხვის ავტორს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწვევთ მას საქართველოში. თქვენ ალბათ არ ყოფილხართ თბილისში და არ იცით, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში. ჩვენ, რეალურად, ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატურული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიისა. თქვენ ახსენეთ ადამიანის უფლებები და მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ბატონო კითხვის ავტორო ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ჩვენს მოქალაქეებს, მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია, რომელზეც იმუშავა ბატონმა ტომას ჰამერბერგმა და ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში, ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია, არავითარი ბარიერი არ იქმნება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხები, სიტუაცია არის რადიკალურად გაუმჯობესებული. 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

 

იტვირთბა....