ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გერმანელ დამსაქმებლებს ქართველებისთვის 35 000 ევროს გადახდა დაეკისრათ

გერმანიაში, მარწყვის ფერმაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ქართველები, რომლებმაც გერმანელ დამსაქმებლებს სასამართლო დავა მოუგეს, 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღებ 1018 ევროს, ხოლო 01 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის 909 ევროს მიიღებენ. გერმანელ დამსაქმებლებს ქართველებისთვის ჯამში 35 000 ევროს გადახდა მოუწევთ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ დამსაქმებელს თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება დააკისრა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ (GTUC) გაავრცელა.

როგორც GTUC-ში აცხადებენ, ქართულ სასამართლოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.

“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული გერმანიაში, საქმის მოსამზადებელ სამუშაოებსა და გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებასთან და ქართულ სასამართლოშიც ქართველი სეზონური მუშების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს. ახლა ბრძოლა ქართულ სასამართლოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართ, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით პროფკავშირებთან ერთად გრძელდება. უახლოეს მომავალში დაინიშნება პროცესი, რომელზეც დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის, გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან დაკავშირებული ორგანიზააციის MIRA-ს წარმომადგენელიც, რომელმაც დასაქმების ადგილი თავად შეამოწმა და არაერთი დარღვევაც დაადგინა.”, – აცხადებენ პროფკავშირებში.

ცნობისთვის, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება შარშან, საქართველოს და გერმანიას შორის სამთავრობო დონეზე დადებული საშუამავლო ხელშეკრულებით დაიწყო, თუმცა, მალევე შრომისა და ანაზღაურების პირობებში დარღვევები გამოიკვეთა.

“გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებს გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არცერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ მუშები საათში 9.35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია.  საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, იგი ნამუშევარს 3 მოკრეფილი მარწყვის ყუთის პროპორციულად ანგარიშობდა”, – აღნიშნავენ GTUC-ში.

ამის შემდეგ, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებმა გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით გერმანიის სასამართლოს მიმართეს და 2021 წლის ივნისის თვეში დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება მოითხოვეს.

 

იტვირთბა....