რუსი ოკუპანტების მთავარი მიზანი უკრაინაში სინამდვილეში არა დონბასი, არამედ, ოდესა და შავ ზღვაზე სრული კოტროლის მოპოვებაა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ამ მომენტის მდგომარეობით, მათი გეგმა მინიმუმი ამ ტერიტორიის [დონბასი] ანექსიაა, მაქსიმუმი კი, თუ გამოუვათ, მიკოლაევზე შეტევის განვითარება და შემდეგ, ოდესაზე გადასვლა, რადგან ამ ომის მთავარი მიზანი სინამდვილეში არა დონბასი, არამედ ოდესა და შავ ზღვაზე სრული კონტროლის მოპოვებაა”, – ამბობს დენისენკო.
მისივე თქმით, ამ გეგმის სისრულეში მოყვანა კრემლისთვის იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ თუ რუსეთს ოდესის აღება გამოუვა, მაშინ, ისინი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაბრუნდებიან, როდესაც საბჭოთა კავშირი შავი ზღვის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა და შავ ზღვაში დომინირებდა.