უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა კუნძულ “ზმეინზე” რუსების მიერ დატოვებულ სამხედრო ტექნიკას გამანადგურებელი დარტყმები მიაყენეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, 30 ივნისს, მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგის შემოტევებს ვერ გაუძლეს, ოკუპანტებმა ნაჩქარებად დატოვეს კუნძული, გუშინ კი რამდენიმე რუსულმა თვითმფრინავმა წარუმატებელი დარტყმები განახორციელა “ზმეინის” მიმართულებით.
ზალუჟნის ცნობით, პილოტები იმ ტექნიკას ესროდნენ, რომლის წაღებაც რუსებმა ვერ მოასწრეს.
“გუშინდელი საჰაერო შეტევებით, რუსები საკუთარი ტექნიკის და შეიარაღების განადგურებას ცდილობდნენ კუნძულ ზმეინზე. თუმცა, ტრადიციისამებრ, თავი ვერ გაართვეს მოცემულ დავალებას. ჩვენ ოკუპანტებს “დავეხმარეთ” მათი გარნიზონის ნარჩენების ჩვენი კუნძულიდან ევაკუირებაში. იქ რუსული სული აღარ ტრიალებს”, – წერს ზალუჟნი.