ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზელენსკი: სადაც ჩვენ 1 სამხედროს ვკარგავთ, რუსები იქ 5-ს კარგავენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებები ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებს იწვევს, განსაკუთრებით, რუსეთისთვის. როგორც ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მათი გათვლებით, ყოველ დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცზე ხუთი რუსი სამხედრო მოდის.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი რუსების რაოდენობრივ უპირატესობაზეც მიუთითებს და ამბობს, რომ ქვეყანა მტრის წინააღმდეგ მარტო ვერ გაძლებს.

“სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსები ხუთს კარგავენ. სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, ისინი ხუთს კარგავენ. დიახ, ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ძალიან რთულია, რადგან ჩვენი ერთი ტანკის საპირწონედ, მათ 10 აქვთ, ჩვენი ერთი მებრძოლის საპირწონედ, მათ 10 ჰყავთ. რამდენად გაუტეხლებიც არ უნდა ვიყოთ, ისინი ათჯერ მეტნი არიან. გვიჭირს, მაგრამ ვუძლებთ”, – ამბობს ზელენსკი.

“ერთი-ერთზე რუსეთთან გამკლავება გვიჭირს და ალბათ, ვერ გავუძლებთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის და აშშ-ს დახმარება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ჩვენი ომი არ არის. ეს არ არის უბრალოდ რუსეთის და უკრაინის ომი, ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს ომია რუსეთის, მისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, მისი არმიის წინააღმდეგ. ჩვენ მარტონი ვერ შევძლებთ და ღვთის წყალობით, ჩვენ გვეხმარებიან”, – აღნიშნავს ზელენსკი.

 

იტვირთბა....